
„აზოვსტალიდან“ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ 64 დამცველის ცხედარი გადაასვენეს
14/06/2022 09:44:20 ევროპა
ზაპოროჟიეს რაიონში მორიგი ოპერაცია ჩატარდა დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლის მიზნით,– იუწყება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო.
უწყების ცნობით, მარიუპოლის 64 დამცველის ცხედარი კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადასვენებული.
შესაბამისი შეთანხმება მიღწეული იქნა მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ესწრებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისარი ოლეგ კოტენკო.
ოპერაცია განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან და უკრაინის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით.
„დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცესი გრძელდება. პროცესი ხორცილდება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად“,– აღნიშნავს უწყება.
მანამდე დაღუპული სამხედროების გაცვლის ორი ეტაპი შედგა. კონტროლირებად ტერიტორიაზე 220 დაღუპულის ცხედარი გადაასვენეს.