ზელენსკი – შოლცს: "მკაფიოდ გამოხატე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ"
14/06/2022 09:05:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, გამოხატოს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
"ჩვენ გვჭირდება, რომ კანცლერმა მკაფიოდ განაცხადოს უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე. გერმანია არ უნდა ეცადოს დააბალანსოს თავისი ინტერესები უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობას შორის", – განაცხადა ზელენსკიმ.
გერმანიის მთელი პოლიტიკური სპექტრის წამყვანი პოლიტიკოსები შოლცს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


