რუსეთში მორიგი აფეთქებებისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან
14/06/2022 08:40:05 მსოფლიო
14 ივნისს, დილის 08:00 საათისთვის რუსეთის ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კლინცში აფეთქება მოხდა,– იუწყებიან "Клинцы.Инфо" და ტელეგრამ–არხი "Подслушано Клинцы".
მოგვიანებით ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა დაადასტურა. მისი ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
"დღეს კლინცის სოფელ ზაიმიშეს ტერიტორია დაბომბეს. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი. მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
"Клинцы.Инфо" ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე ქალაქის გარეუბანში მცხოვრებლებმა ორი აფეთქების ხმა გაიგეს.
თვითმხილველების თქმით, აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე ცაში ვერტმფრენი დაფრინავდა, რომელიც ინციდენტის შემდეგ გაუჩინარდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჭურვი კლინცის სამხედრო ბაზის ნაწილს და საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილს მოხვდა.
"Подслушано Клинцы" კი წყაროების მითითების გარეშე ირწმუნება, რომ ვერტმფრენმა სამხედრო ნაწილის თავზე იფრინა, ორჯერ გაისროლა და გაფრინდა.
მომხდარის შემდეგ კლინცის სხვადასხვა რაიონში ელექტრო და წყალმომარაგება შეწყდა, შუქნიშნებმა შეწყვიტეს მუშაობა, ქალაქის ცაზე კი რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენები მოჩანდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლინცში აფეთქებები დაფიქსირდა: ჯერ კიდევ 11 ივნისს ადგილობრივმა Telegram-ის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია მანქანების სადგომზე აფეთქებების შესახებ.


