
რუსი ოლიგარქების თვითმფრინავები ევროპის თავზე ფრენას სანქციების გვერდის ავლით ახერხებენ – მედია
14/06/2022 07:42:29 ევროპა
რუსი ოლიგარქების თვითმფრინავები ევროპის თავზე სანქციების გვერდის ავლით აგრძელებენ ფრენას. ჯამში, 30–მდე მსგავსი ფრენა დაფიქსირდა,– იტყობინება გერმანული გამოცემა Welt.
მარტის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააკავა მილიარდერის, Millhouse საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელის ევგენი შვიდლერის თვითმფრინავი, რომელიც მილიარდერ რომან აბრამოვიჩის მეგობრად ითვლება. დაკავებამდე მისი თვითმფრინავი რვაჯერ გაფრინდა ევროკავშირში, მათ შორის გერმანიის საჰაერო სივრცეში. ბოლოს შვიდლერის თვითმფრინავი ჰამბურგიდან ლონდონში 18 მარტს გაფრინდა.
კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის თვითმფრინავი მიუნხენიდან 28 თებერვალს (საჰაერო სივრცის დახურვის მეორე დღეს) აფრინდა. ამავდროულად, ბიზნესმენის კიდევ ერთი თვითმფრინავი ფლორენციიდან ტაშკენტში გაფრინდა.
თვითმფრინავი, რომელიც რეგისტრირებულია სან მარინოში და მართავს შვეიცარიული კომპანია, ეკუთვნის რუს ბიზნესმენ ალბერტ ავდოლიანს, ნიცადან სტამბოლში 2 მარტს გაფრინდა.
ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა თვითმფრინავმა, რომელიც ოლიგარქ ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნოდა, ასევე შეძლო ევროპის დატოვება აპრილში. თვითმფრინავი აფრინდა ბაზელიდან, გადაკვეთა ევროკავშირის საჰაერო სივრცე და დაეშვა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში.
გარდა ამისა, მილიარდერ ალექსანდრე ზანადვოროვის ვერტმფრენი თავისუფლად დაფრინავს საფრანგეთში. სანქციების დაწესებიდან დღემდე დაფიქსირდა მინიმუმ, რვა ფრენა.
ბიზნეს–თვითმფრინავების და ვერტმფრენების ასეთი ფრენები შესაძლებელია იმის გამო, რომ ისინი რეგისტრირებულია რუსეთის ფარგლებს გარეთ და ეკუთვნის არარუსულ კომპანიებს. ოლიგარქების თვითმფრინავების თვალყურის დევნება რთულია საკუთრების გაუმჭვირვალე სტრუქტურების, მმართველი და ოფშორული კომპანიების გამო.
ევროკავშირის საჰაერო სივრცის დახურვა რუსული თვითმფრინავებისთვის იყო სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირმა შემოიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ასევე დააწესეს სანქციები რიგი რუსი ბიზნესმენების მიმართ, დაბლოკეს მათი ქონება, დააკავეს იახტები და თვითმფრინავები და მათ აუკრძალეს ევროპის ქვეყნებში შესვლა.