ბრიტანული დაზვერვა: „რუსეთს შეიძლება, პრობლემები ჰქონდეს დაკარგული იარაღის შევსებასთან დაკავშირებით“
14/06/2022 07:06:15 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიუხედავად რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდილი დაფინანსებისა, ქვეყანას ექნება პრობლემები აღჭურვილობის შევსებასთან დაკავშირებით დასავლეთის სანქციების გავლენისა და ზოგიერთ სფეროში გამოცდილების ნაკლებობის გამო.
10 ივნისს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ჯარზე სახელმწიფო ხარჯები გაიზრდებოდა 600-700 მილიარდი რუბლით, რაც შეიძლება, ნიშნავს დაფინანსების დაახლოებით 20%-ით ზრდას.
„სახელმწიფო დაფინანსება ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას საშუალებას მისცემს, ნელ-ნელა მობილიზდეს უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა ამ მრავალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში შეიძლება, იყოს პრობლემები ნაწილობრივ სანქციების და გამოცდილების ნაკლებობის გამო. რუსეთის ფედერაციაში მაღალი ხარისხის ოპტიკისა და მოწინავე ელექტრონიკის წარმოებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, სირთულეები წარმოიქმნება და ამან შეიძლება, ძირი გამოუთხაროს უკრაინაში დაკარგული აღჭურვილობის ჩანაცვლების მცდელობებს“,– ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის 14 ივნისის ანგარიშში.
რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, აღნიშნულია, რომ რუსეთის ოპერატიული ძალისხმევა კონცენტრირებულია სევეროდონეცკის გარშემო. ასევე, პირველად ბოლო კვირების განმავლობაში, შესაძლოა, მცირე წინსვლა იყო ხარკოვის რაიონში.


