
კაჭკაჭიშვილი – "TV იმედის" კვლევაზე: "ესაა ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა"
14/06/2022 06:47:08 საზოგადოება
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „TV იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.
„თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია"?
მივმართავ სტუდენტებს და ყველა მათ, ვისთვისაც ტრენინგები ჩამიტარებია კვლევის მეთოდებში: ეს არის ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა კვლევაში.
ასეთი ფორმულირებით შეკითხვა არღვევს მინიმალურ სტანდარტებსაც კი: ა) არის მიმართულების მიმცემი (ანუ, შესაბამისი პასუხისკენ უბიძგებს რესპონდენტს) და ბ) არის ჰიპოთეტური შეკითხვა, რომელიც წარმოსახვით (ვირტუალურ) სინამდვილეს მიემართება.
@GORBI - უბრალოდ, გრცხვენოდეთ!“,– წერს კაჭკაჭივილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ იმედის დაკვეთით „გორბმა“ კვლევა ჩაატარა და მოსახლეობას კითხვა დაუსვა შემდეგი ფორმულირებით, „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“.
კვლევას წინ უძღოდა ჯერ რიგი ექსპერტებისა და მეტ–ნაკლებად ცნობადი სახეების (რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად გვევლინებიან) მიერ დემოკრატიაში უკუსვლის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საპასუხოდ გახმოვანებულ კონსპირაციულ თეორიებსა და ცრუ დილემებს, შემდეგ კი მმართველი გუნდის წევრების მიერ გაღერებულ გზავნილებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს და რომ თურმე ევროკავშირისგანაა იმ ქვეყნის სუვერენიტეტი დასაცავი, რომლის სუვერენიტეტი სწორედ რომ ჩრდილოელი მეზობლის გამოა შეზღუდული, ოკუპირებული აქვს რა საქართველოს ორი რეგიონი.
13 ივნისს მათ შორის სახელისუფლებო პროპაგანდას საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა და რუსული დეზინფორმაცია უწოდა ნარატივს, რომ "აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ და ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში":
"30 წელია, აშშ მუშაობს საქართველოსთან ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვაკეთებთ აქ, საქართველოში, არის მიმართული მხარდაჭერაზე ქართველი ხალხის სურვილის, იყოს ევროკავშირის ნაწილი და იყოს ნატო–ს ნაწილი. ეს არის ის, რაც სურს ქართველ ხალხს და ეს არის, ის რასაც, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას, რადგან ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ მისწრაფებებში. ხალხი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში, გახსნას ფრონტის მეორე ფლანგი საქართველოში, ეს არის 100%–ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ მისი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რათა შეწყდეს ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ, რომ საქართველო ჩათრეული იყოს ამ ომში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირი და ნატო მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის მხარდამჭერია. იგივე გვსურს საქართველოსთვისაც. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მის სურვილს, სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში", – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, ახლა გაერთიანების დროა:
"ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს როგორ თანაუგრძნობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ. ის, რაც საქართველოს ახლა სჭირდება, გამოხატულია დევიზში „ძალა ერთობაშია“.