უკრაინა: "ჩვენმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის სამი სოფელი გაათავისუფლეს და 15 კმ-ით წინ წაიწიეს"
13/06/2022 13:16:35 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს, - იუწყება გაერთიანებული ძალების დაჯგუფება.
"ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ "რაშისტები" დაუსჯელები დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ოკუპანტებს. დონბასში გარკვეული მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ თავს იცავენ, არამედ თანდათან წინ მიიწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციaში.
მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 კმ-ით წინ წაიწიეს.
„ცოტა ხნის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის სამი სოფელი გაათავისუფლეს და 15 კმ-ით წინ წაიწიეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


