უკრაინის ეროვნული პოლიცია – 1200-მდე უკრაინელის ცხედარი ჯერ–ჯერობით იდენტიფიცირებული არ არის
13/06/2022 12:42:34 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული პოლიცია აცხადებს, რომ 1200-მდე უკრაინელის ცხედარი ჯერ–ჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 12 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით.
"დაღუპულთა დაახლოებით 75% მამაკაცი იყო, დაახლოებით 2% – ბავშვი და დანარჩენი – ქალი. 1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მხოლოდ კიევის რეგიონში დაიღუპა, 116 ცხედარი იპოვეს მხოლოდ ერთ მასობრივ საფლავში, ქალაქ ბუჩაში. სამართალდამცველები თითქმის ყოველ კვირაში პოულობენ ცხედრებს. ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, საკმაოდ შრომატევადი, რადგან ბევრი ცხედარი დაზიანებულია. ძალიან დაზიანებული ცხედრების იდენტიფიცირება შეუძლებელია", – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


