"სახელმწიფო უსასყიდლოდ ხდება „ბორჯომის“ თანამფლობელი"
13/06/2022 10:22:35 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და საქართველოს მთავრობა უსასყიდლოდ მიიღებს „ბორჯომის“ აქციებს.
„ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი“, - თქვა ღარიბაშვილმა 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.
პრემიერ-მინისტრი ბორჯომის თანამშრომლებს ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "IDS ბორჯომი საქართველოს" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა 31 მაისს დაიწყო. მათი მოთხოვნებია:
- „გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა“;
- „ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება“;
- „ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა“;
- „კოლექტიური შეთანხმების გაფორმება“.


