ბორელი: "მაკრონის განცხადება რუსეთის არდამცირებაზე არსებულ რეალობას ასახავს"
13/06/2022 10:14:02 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ "საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება რუსეთის არდამცირებაზე ასახავს არა იმდენად საფრანგეთის ლიდერის პოზიციას, რამდენადაც არსებულ რეალობას".
მისი თქმით, "რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგაც გააგრძელებს არსებობას და საჭირო იქნება იმ გზის განსაზღვრა, რომლითაც ევროპა გეგმავს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას".
"რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინაში გააკეთა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ", –განაცხადა ბორელმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში.
ამასთან, მან აღნიშნა , რომ ყველა "ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


