ბირთვული იარაღის გამოყენების ყველაზე მაღალი რისკი გაჩნდა ცივი ომის შემდეგ – SIPRI
13/06/2022 07:21:00 მსოფლიო
მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა უმაღლეს დონეს მიაღწია ცივი ომის შემდეგ,– თვლის მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI).
ექსპერტები ამბობენ, რომ "ბირთვული კლუბის" ყველა ძალა - რუსეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა - აპირებენ, გაზარდონ ქობინების რაოდენობა უახლოეს წლებში და ბირთვული არსენალის მოდერნიზება მოახდინონ.
„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული როგორც ბირთვული იარაღის კონტროლის, ასევე ბირთვული განიარაღების მიმართულებით, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ დროს ცივი ომის შემდეგ”,– ნათქვამია SIPRI ინსტიტუტის დირექტორის დენ სმიტის მოხსენებაში.
SIPRI-ის მონაცემებით, 2021 წელს დაფიქსირდა ბირთვული არსენალის მცირე შემცირება - 13 ათასიდან 12,7 ათასამდე, საიდანაც 9,4 ათასი აქტიურია და პოტენციურად მზად არის გამოსაყენებლად.
როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, მარაგების შემცირება განპირობებულია იმით, რომ რუსეთმა და აშშ-მა მოძველებული სისტემები გააუქმეს, ხოლო გამოსაყენებლად ვარგისი ქობინების რაოდენობა იგივე დონეზე რჩება. თუმცა, SIPRI ელოდება, რომ არსენალი გაიზრდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
SIPRI-ის ექსპერტი ჰანს კრისტენსენის თქმით, „არის აშკარა ნიშნები“, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მიმდინარე ბირთვული იარაღის შემცირების პროცესი დასრულებულია.
ბირთვული ქობინების ფლობის თვალსაზრისით ლიდერები 2022 წლის იანვრისთვის:
- აშშ - 1744 (მარაგთან ერთად - 3708);
- რუსეთი - 1588 (4477);
- საფრანგეთი - 280 (290);
- დიდი ბრიტანეთი (2021 წელს ქვეყანამ უარი თქვა ბირთვული ქობინების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაზე) - 120 (180).
- პაკისტანს ასევე აქვს ბირთვული მარაგი - 165 ქობინი,
- ინდოეთს - 160,
- ისრაელს - 90,
- ჩრდილოეთ კორეას - 20.
აშშ და რუსეთი ერთობლივად ფლობენ მსოფლიოში ბირთვული იარაღის 90%-ზე მეტს. დანარჩენი შვიდი ბირთვული სახელმწიფო ანვითარებს იარაღის ახალ სისტემებს ან განაცხადეს მსგავსი განზრახვის თაობაზე,– ნათქვამია SIPRI-ის მოხსენებაში.
SIPRI აცხადებს, რომ უკრაინის ომის გამო, "ბირთვული კლუბის" ქვეყნების რიტორიკა მწვავდება. უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი შეფერხდა და არც სხვა ბირთვული ძალები აწარმოებენ მოლაპარაკებებს იარაღის კონტროლზე.


