უკრაინის გენშტაბი – ბახმუტის მიმართულებით ჩვენმა ჯარისკაცებმა მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, სევეროდონეცკში რუსეთმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია
13/06/2022 05:56:35 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში.
მისი ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიის მხარდაჭერით განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ქალაქის ცენტრიდან უკან დაახევინა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, გენშტაბი იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკის თითოეული მეტრისთვის იბრძვიან და ქალაქის ქუჩებში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა დაანგრიეს სევეროდონეცკიდან მეზობელი ლისიჩანსკისკენ მიმავალი ხიდი, რამაც კიდევ უფრო გაართულა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.
სევერონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა გრძელდება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


