უკრაინის გენშტაბი – უკრაინელებმა რუსულ არმიას ზოლოტოეს მიმართულებით უკან დაახევინეს
12/06/2022 16:41:01 მსოფლიო
რუსეთის არმიამ სცადა იერიშის განახლება ზოლოტოეს მიმართულებით, მაგრამ უკრაინელებმა საპასუხო დარტყმის შედეგად მტერს უკან დაახევინეს, – იუწყება უკრაინის გენშტაბი.
მისი ცნობით, დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი შეტევების ეპიცენტრს კვლავ სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებები წარმოადგენს.
"სევეროდონეცკის მიმართულებით რუსეთის ჯარები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს. ისინი ცდილობენ, გადალახონ უკრაინის ჯარების წინააღმდეგობა და დაამყარონ სრული კონტროლი სევეროდონეცკზე, ბრძოლა გრძელდება", – იუწყება გენშტაბი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


