სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: "თურქეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ"
12/06/2022 16:20:34 მსოფლიო
"თურქეთის შეშფოთებას ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა მივუდგეთ", – ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შედეგ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია.
ამასთან, სტოლტენბერგმა თურქეთის, როგორც ალიანსის საკვანძო მოკავშირეს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ ვმუშაობთ თურქეთთან, ასევე – ფინეთთან და შვედეთთან იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც თურქეთმა წამოჭრა. ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება. ეს ეხება ტერორიზმს და იარაღის ექსპორტს. ჩვენ უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ნატო–ს არცერთ მოკავშირეს არ განუცდია იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთს.
გარდა ამისა, თურქეთი ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირეა თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. იგი არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მაგრამ ასევე ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს ბრძოლაში ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, როგორიცაა "ISIS/Da'esh". ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატო–ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ მასპინძლობს იმაზე მეტ ლტოლვილს, ვიდრე – თურქეთი. ამასთან, თურქეთი უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მთავარ როლს თამაშობს. გარდა ამისა, ახლა ანკარა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების ხელშიეწყობის კუთხით. ასე რომ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი, საკვანძო მოკავშირე, როგორიც თურქეთია, გამოთქვამს შეშფოთებას, როგორიცაა ტერორიზმი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავჯდეთ და სერიოზულად მივუდგეთ ამას. სწორედ ამას ვაკეთებთ.
ჩვენ ასევე მივესალმებით ფინეთისა და შვედეთის მკაფიო გზავნილს, რომ რეალურად ისინი მზად არიან, დასხდნენ ამ საკითხების მოსაგვარებლად და იპოვონ წინსვლის გზა. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ფინეთისთვის და შვედეთისთვის. მათი ნატო–ში გაწევრიანება, გააძლიერებს მათ უსაფრთხოებას, ნატო–სა და უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


