მედია– გერმანიამ ესპანეთს უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის უფლება არ მისცა
12/06/2022 14:55:21 მსოფლიო
გერმანიამ ესპანეთს უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard 2a4–ის ტიპის ტანკების გადაცემის უფლება არ მისცა, – იუწყება გერმანული მედია.
თუ ბერლინი მადრიდის გადაწყვეტილებას დათანხმდებოდა, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო–ს ქვეყნები უკრაინას შედარებით თანამედროვე დასავლური წარმოების ტანკებს გადასცემდნენ.
ესპანეთი გეგმავდა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 1990-იან წლებში წარმოებული 40 ერთეული Leopard 2a4 გაეგზავნა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


