ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის პრიზის ლაურეატი გახდა
12/06/2022 14:50:49 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის სახელობის პრიზის ლაურეატი გახდა. „ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდის“ განცხადებით, ზელენსკიმ 2022 წლის ჯილდო სიმამაცისთვის მიიღო.
ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს მათ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღეს და ჯილდოზე მხოლოდ უკრაინელები წარადგინეს.
კანდიდატებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ბენდ Okean Elzy-ის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, „მოხალისე მეომარ-მედიკოსთა დანაყოფის“ დამფუძნებელი იულია პაიევსკა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი და სხვები.
ბორის ნემცოვი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, რომელიც პუტინის პოლიტიკას უპირისპირდებოდა. იგი 2015 წლის თებერვალში რუსეთში მოკლეს.


