
ორი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს – Bloomberg
10/06/2022 13:18:42 ევროპა
დანიის და ჰოლანდიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკომისია მომავალ კვირაში მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ინფორმირებული პირები ამბობენ, რომ რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირის კომისართა კოლეჯმა უნდა განიხილოს და მიიღოს, დამტკიცდება კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან ბრძოლის კანონმდებლობის საჭიროებასთან დაკავშირებული პირობების გათვალისწინებით.
Bloomberg აღნიშნავს რომ ევროკომისიის რეკომენდაცია შემდეგ წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, რაც შესაძლოა, პრობლემური იყოს დანიისთვის, რომელმაც გაავრცელა დიპლომატიური ნოტა, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებსაც ეფუძნება დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და უმცირესობათა უფლებების დაცვა. წინაღმდეგობა გამოთქვა ჰოლანდიამაც.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, მის ქვეყანას შესთავაზოს ბლოკში გაწევრიანება შემოკლებული პროცედურით და რომ ეს იქნება "ძლიერი პასუხი" უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრაზე.
ბლოკის ლიდერები ამ საკითხს 23-25 ივნისს განიხილავენ.