გერმანიის იუსტიციის მინისტრი: "ჩვენ ვერ გავასამართლებთ ვლადიმირ პუტინს, სანამ იგი სახელმწიფოს მეთაურია"
10/06/2022 11:18:07 მსოფლიო
გერმანიის იუსტიციის მინისტრ მარკო ბუშმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გროვდება მტკიცებულებები უკრაინაში მიმდინარე ომში, ბერლინი ამჟამად უძლურია, დაიწყოს სამართლებრივი პროცესები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.
„გერმანიის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ გავასამართლებთ ვლადიმირ პუტინს, ვიდრე იგი სახელმწიფოს მოქმედი მეთაურია“, - განაცხადა მინისტრმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "გერმანია მიჰყვება სხვადასხვა გზებს, რათა სასამართლოს წინაშე წარდგნენ ისინი, ვინც ომის დანაშაულების ჩადენასა და ხელშეწყობაში მონაწილეობდა".
„გერმანიამ დაიწყო ე.წ. სტრუქტურული გამოძიება და სწორედ ეს სტრუქტურული გამოძიება არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ახლა სისტემატურად ვაგროვებთ და ვიცავთ მტკიცებულებებს, რათა მოგვიანებით, როცა დამნაშავეების, დაკავება მოხდება, ეს მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში გამოვიყენოთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ბერლინი მზად არის, მტკიცებულებები გადასცეს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC).
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


