
მინისტრის მოადგილე: "საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, გვაქვს ყველაზე იაფი პური"
10/06/2022 08:19:37 საზოგადოება
საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, ყველაზე იაფი პური გვაქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
სახელმწიფომ გააკეთა არჩევანი, როდესაც ყველაზე იაფი ფქვილის შემოტანის შესაძლებლობა მისცა ბიზნესს. საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, გვაქვს ყველაზე იაფი პური. ამ თვალსაზრისით მარაგები არის არა ხორბალში, არამედ ფქვილში. სტაბილური მარაგები გვაქვს, მითუმეტეს ამ პერიოდისთვის, როდესაც ახალი მოსავალი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში იწყებს მოსვლას. ამ თვალსაზრისით სრული სიმშვიდეა ქვეყანაში. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მისი თქმით, ადგილობრივი ხორბლის აღების სეზონისთვის, უკვე მზადაა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის კუთვნილი ტექნიკა.