Accentnews.ge
უკრაინის ვიცე-პრემიერი: "ევროკავშირის სამ ძირითად ქვეყანას, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს"

უკრაინის ვიცე-პრემიერი: "ევროკავშირის სამ ძირითად ქვეყანას, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს"

10/06/2022 06:38:37 მსოფლიო

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ევროკავშირში არის შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის სხვა ფორმატების და არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს.

„ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ წარადგინა წინადადებები სხვა ფორმატზე, სთავაზობდა ექსტრაკანდიდატობას ან კანდიდატობას პირობებით. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ, ფაქტობრივად, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთება არ სურს“, - განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ.

ვიცე-პრემიერმა ეს სახელმწიფოები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მათ შორის არ არიან აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

მისი თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის გარდა, სხვა ნებისმიერი ვარიანტის შეთავაზება თავად ევროკავშირს დაასუსტებს.

სააგენტო „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან ნიდერლანდი და დანია. სააგენტო გაეცნო ერთ-ერთ დიპლომატიურ წერილს, რომელშიც დანია აცხადებს, რომ უკრაინა არასაკმარისად აკმაყოფილებს ინსტიტუტების სტაბილურობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობათა დაცვის კრიტერიუმებს. "ბლუმბერგის" თანახმად, გერმანიის წინადადებაა, რომ უკრაინას სტატუსი მისცენ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამაც იგივე გააკეთეს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ სამიტზე, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S