ჩავუშოღლუმ ლავროვთან მოლაპარაკებებს ნაყოფიერი უწოდა
08/06/2022 14:35:37 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ გაეროს გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების გეგმა "გონივრულია", თუმცა მოსკოვთან და კიევთან დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დაბლოკილი პორტების გახსნისთვის მსოფლიომ ერთად უნდა იმუშაოს.
"ჩვენ უკრაინული მარცვლეულის ბაზარზე გატანის სხვადასხვა იდეაზე ვიმსჯელეთ, ყველაზე ბოლოს კი - გაეროს მექანიზმზე, რომელიც შესაძლოა, უკრაინას, რუსეთსა და თურქეთს შორის შეიქმნას. ჩვენ ამას გონივრულად მივიჩნევთ. რა თქმა უნდა, ეს გეგმა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა მიიღონ", - თქვა ჩავუშოღლუმ.
მან ლავროვთან შეხვედრას "ნაყოფიერი" უწოდა და დასძინა, რომ მისი აზრით, მოსკოვის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის სასურსათო ექსპორტზე დასავლეთის შეზღუდვების შემსუბუქებას გულისხმობს, "ძალიან ლეგიტიმურია".
უკრაინის პორტების განბლოკვასთან დაკავშირებით ლავროვმა თქვა, რომ საქმე ძალიან მარტივადაა და "ბურთი" უკრაინის მოედანზეა".
მისი თქმით, მთავარი პრობლემა უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაა, რომელიც დანაღმული პორტების განაღმვას "კატეგორიულად ეწინააღმდეგება".
"ყოველდღიურად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, გემების უსაფრთხოების გარანტორები თავად ვიყოთ, მზად ვართ, ეს ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაკეთოთ", - ირწმუნება ლავროვი.
უკრაინა გადაზიდვებისთვის უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებს ითხოვს, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსკოვმა პოტენციური დერეფანი შესაძლოა, ოდესაში გადაადგილებისთვის გამოიყენოს.
თურქეთმა, რომელიც როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, განაცხადა, რომ მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები შეთანხმდებიან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია.


