
„სიკვდილის სარდაფი: 9 რუსი ჯალათი იდენტიფიცირებულია“ - ვენედიქტოვა
08/06/2022 13:57:36 ევროპა
უკრაინელმა სამართალდამცავებმა 9 რუსი სამხედროს იდენტიფიცირება მოახდინეს, რომლებმაც ჩერნიგოვში, იაგოდნოიეს სკოლის სარდაფში 300-ზე მეტი ადამიანი დაამწყვდიეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებდნენ მათ ცოცხალ „ფარად“ და ამყოფებდნენ არაადამიანურ პირობებში,– იუწყება უკრაინის გენპროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
გენპროკურორის ასახელებს კონკრეტულ გვარებს და დანაყოფებს და აღნიშნავს, რომ სამხედრო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებები შეგროვდა.
ვენედიქტოვას თქმით, მარტში ოკუპანტებმა იაგოდნის მკვიდრები სამალავი ადგილებიდან გამოყარეს. ხალხს სიცივეში აიძულებდნენ გაშიშვლებას – პატრიოტულ ტატუებს და სამხედრო საცვლებს ეძებდნენ. მათი სახლების ე.წ. „ჩხრეკის“ დროს, რუსმა სამხედროებმა მოიპარეს სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, მიკროტალღური ღუმელები და ელექტრო ქვაბები.
გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და დაემუქრდნენ, რომ აღმოჩენის შემთხვევაში ყოველ მე-5 კაცს სიკვდილით დასჯიდნენ.
ოკუპანტებმა 300-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს სოფლის სკოლის ვიწრო სარდაფში. თავად სკოლაში თავიანთი შტაბ-ბინა მოაწყვეს, ამიტომ მშვიდობიანი მოსახლეობა მათ „ცოცხალ ფარად“ იქცა.
ოკუპანტების ყველაზე პატარა ტყვე 1,5 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 93 წლის. სარდაფში სულ 77 ბავშვი იმყოფებოდა გაუსაძლის პირობებში: სრული სიბნელე, შიმშილი, სიცივე, წყურვილი, სანიტარული პირობების სრული არარსებობა, რის გამოც 9 მარტიდან 28 მარტამდე პრიოდში სარდაფში 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამასთან, ოკუპანტებმა იაგოდნოიეში 17 ადამიანი მოკლეს.