
კულება NATO–ს სამიტისგან უკრაინის და შავი ზღვის კონტექსტში მხოლოდ „სასწაულს“ ელის
08/06/2022 12:52:17 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 28-30 ივნისს მადრიდში ნატოს სამიტზე უკრაინისთვის პოზიტიურ გადაწყვეტილებებს არ ელის.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამართლიანია კრიტიკა, რომელიც უკრაინაში ალიანსისადმი ისმის.
"როდესაც ვთქვი, რომ ნატო–ს, როგორც ორგანიზაციას უკრაინისთვის 2022 წლის 23 თებერვლის შემდეგ არაფერი გაუკეთებია, გამაკრიტიკეს. შემდეგ ვიკითხე, მაჩვენეთ,რა გააკეთა ალიანსმა?! და აღმოჩნდა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს", - განმარტა მინისტრმა.
ამ კონტექსტში კულებამ აღნიშნა, რომ სამიტზე „გარღვევებს“ არ ელის:
"მე არ მაქვს დიდი მოლოდინი ნატოს სამიტთან დაკავშირებით. ჩემი რეალისტური მოლოდინი არის ის, რომ იქ სასწაული მოხდება," – დასძინა მან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ შეცდება და სამიტზე ვიხილავთ უკრაინის მხარდამჭერ „გამრღვევ“ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამას "სასწაულად" მიიჩნევს:
„რა თქმა უნდა, მოვისმენთ მხარდაჭერის, სოლიდარობის სიტყვებს, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავ რაიმე ძლიერ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ალიანსი ამზადებს უკრაინასთან დაკავშირებით, ან თუნდაც გადაწყვეტილებებს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ“, - განმარტა მინისტრმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულება ნატოს არასაკმარისი გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს.
როგორც ცნობილია, ნატოს სამიტზე საქართველო იქნება მიწვეული.
უკრაინასაც აქვს მოწვევა, მაგრამ ლოჯისტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უცნობია, რა დონეზე იქნება წარმოდგენილი.