
ღალატში ეჭვმიტანილი დოდონი აცხადებს, რომ "მოლდოვას რუმინეთთან შეერთება" მზადდება
08/06/2022 12:34:15 ევროპა
მოლდოვის პრორუსმა ექს–პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც ბრალდებულია სახელმწიფოს ღალატსა და კორუფციაში და ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, განაცხადა, რომ მოლდოვის მთავრობა და "მისი გარე ბატონები" ემზადებიან ქვეყნის რუმინეთთან მიერთებისთვის.
მისი მტკიცებით, მაია სანდუ და „მისი გარე ბატონები“ მიჰყვებიან უკრაინულ სცენარს, პროვოცირებენ მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას და მოლდოველებს გეოპოლიტიკურ ბრძოლებში „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ.
„რეალურად, ყველა ეს შეიარაღების პროცესი და ანტირუსული ისტერია ორგანიზებულია სპეციალურად მოლდოვის ტერიტორიაზე ნატო–ს ჯარების ყოფნის გასამართლებლად. მზადდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური შეერთება რუმინეთთან და ნეიტრალიტეტის უარყოფა“, - ირწმუნება დოდონი.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სანდუ და მისი პარტია ეტაპობრივად უზრუნველყოფენ „სახელმწიფოს ლიკვიდაციას“, ამიტომ მან მოუწოდა „თითოეულ პატრიოტულ პარტიას“, მოახდინონ მხარდამჭერების მობილიზება და მზად იყვნენ, გამოვიდნენ „სახელმწიფოებრიობის და ნეიტრალიტეტის დასაცავად“.
კრემლში დოდონის საქმეზე კომენტირებისას განაცხადეს, რომ შეშფოთებულნი არიან "რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მქონე პირთა დევნის გამო“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით, მოლოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და როგორც სანდუმ განაცხადა, ქვეყანა ამ მიმართულებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს. რაც შეეხება ევროკავშირს, ქვეყანა ბლოკის წევრობას ესწრაფვის და ამჟამად უკრაინასა და საქართველოსთან ერთად ელის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას.