ნატო–მ ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლება, მათ შორის შვედეთისა და ფინეთის მონაწილეობით დაიწყო
08/06/2022 10:16:59 მსოფლიო
ნატო–მ ბალტიის ზღვაში ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება "Baltops-22" დაიწყო, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან (ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები) ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ.
სწავლებაში, რომელიც 17 ივნისამდე გაგრძელდება, ჩართულია შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი, 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.
ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები ეძღვნება შვედეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაარსების 500 წლისთავს.
როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, "ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს".
"რუსეთის გადმოსახედიდან, ეს მათთვის სამხედრო თვალსაზრისით ძალიან პრობლემური იქნება, ნატოსთვის კი ძალიან მომგებიანი", - აღნიშნა მარკ მილიმ.


