მოსკოვის მთავარმა რაბინმა კრემლის ულტიმატუმის შემდეგ რუსეთი დატოვა
08/06/2022 09:19:35 მსოფლიო
მოსკოვის მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისგან ომის საჯაროდ მხარდაჭერა მოითხოვა,– ამის შესახებ "მედიაზონა" ჟურნალისტსა და რაბინის რძალზე რაბი ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიდტზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, გოლდშმიდტი მეუღლესთან ერთად ჯერ უნგრეთში გაემგზავრა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თანხების შესაგროვებლად, მოგვიანებით ოჯახი ისრაელში გაფრინდა, რადგან რაბინის მამა იერუსალიმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩიჟიკ-გოლდშმიდტმა ფრანგულ გაზეთში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გოლდშმიდტმა რუსეთი მაისის დასაწყისში დატოვა. ის მოსკოვის მთავარი რაბინის პოსტზე დავით იუშუვაევმა შეცვალა.
რაბინის რძალმა დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, გოლდშმიდტი და მისი მეუღლე „განიდევნენ იმ საზოგადოებიდან, სადაც 33 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უყვარდათ, აშენებდნენ და ზრდიდნენ შვილებს“.
ამავდროულად, ისრაელის მთავარი რაბინების დახმარებით, რუსმა რაბინებმა ხელახლა აირჩიეს გოლდშმიდტი თანამდებობაზე, რომელიც მას 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა.
მანამდე რუსეთსა და ისრაელს შორის "ანტისემიტური" სკანდალი გაჩაღდა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსმა დიპლომატმა უკრაინის ომის შესახებ ინტერვიუ მისცა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს. კერძოდ, მას ჰკითხეს, თუ როგორ ესადაგება მოსკოვის განცხადებები უკრაინის „ნაციფიკაციის“ და კიევის „ნაცისტური“ რეჟიმის შესახებ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა“ და „ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები "უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომაა" და რომ ისრაელი ლავროვისგან ბოდიშს ელოდება. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოდიში არ მოიხადა. მეტიც, მისმა უწყებამ ისრაელი უკრაინაში „ნაცისტების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
რუსეთის მთავარმა რაბინმა ბერლ ლაზარმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებს შოკისმომგვრელი უწოდა და ამის გამო ბოდიშის მოხდა შესთავაზა. თუმცა, ლავროვმა ბოდიში არ მოიხადა, მოგვიანებით ეს მის ნაცვლად ვლადიმირ პუტინმა გააკეთა.


