
თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს
08/06/2022 08:26:03 საზოგადოება
თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს:
- თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათი ინტერესების შესაბამისად, პერიოდულად სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისის შეთავაზებას, როგორიცაა: ლაშქრობები, საველე-ბანაკები (კემპინგი); საჯომარდო ტურები; ველოტურები თბილისთან ახლო მარშუტებზე; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში).
„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური ინტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება. თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
მსურველებს ელექტრონული რეგისტრაცის გავლა 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე – www.youthtbilisi.ge შეეძლებათ.