უკრაინის გენშტაბი: "უკრაინელი სამხედროები წარმატებით აკავებენ მტრის შტურმს სევეროდონეცკში"
08/06/2022 06:20:12 მსოფლიო
"ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში, ბრძოლა გრძელდება", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
მისი ცნობით, რამდენიმე მიმართულებით რუსული ძალების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა:
"მტერი წინსვლასა ცდილობდა უსტინივკას და ტოშკივკას დასახლების მიმართულებით, თუმცა უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტები მოიგერიეს".
გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ოპერატიულ-ტაქტიკური და სამხედრო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდა.
„მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან პოკროვსკოეს, ბერესტვოიეს, ზოლოტოე-4-ის, ვრუბოვკას, მაისკოეს, იაკოვლევკასა და დოლომიტნოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ამასთან, პოკროვსკოეს, ვოზროჟდენიესა და იაკოვლევკას დასახლებებზე ავია დარტყმები „კა-52“ ტიპის შვეულმფრენებით განხორციელდა", – აცხადებენ გენშტაბში.
მისი ცნობით, ნაგორნოეს დასახლების რაიონში მტერმა უკან, მანამდე დაკავებულ პოზიციებზე დაიხია.
„ავდეევკას, ნოვოპავლევსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერი ინტენსიურად ბომბავდა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს“, - აცხადებენ გენშტაბში.
მისი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს.
„გაანადგურეს მტრის 3 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 2 ჯავშანმანქანა, 13 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის 3 საცავი. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა „ორლან-10“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს", აღნიშნულია ინფორმაციაში.


