
მერკელმა განმარტა, რატომ დაუბლოკა საქართველოს და უკრაინას ნატო–ს წევრობის სამოქმედო გეგმა
08/06/2022 06:22:05 ევროპა, პოლიტიკა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) დაბლოკვა იმით ახსნა, რომ არ სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება.
როგორც მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ამას არ დაუშვებდა, რადგან ომის გამოცხადებად ჩათვლიდა.
გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმით, არ იზიარებს პუტინის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მთელი დასავლეთი მისი მტერია და მუდმივად ამცირებენ, მაგრამ იცოდა, რომ ასე ფიქრობს და მისი პროვოცირება არ სურდა.
ამასთან, მერკელი ამბობს, რომ ამით არ ამართლებს პუტინის დღევანდელ ქმედებებს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ისიც განაცხადა, რომ 2008 წელს, უკრაინაში დიდი პოლიტიკური განხეთქილება იყო და ქვეყანას არ ჰქონდა მყარი დემოკრატია და სტაბილურობა.
საქართველომ და უკრაინამ MAP ვერ მიიღეს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა. ოთხ თვეში რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები დაიწყო.
უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას MAP დაუბლოკეს და ამით რუსეთს მისცეს საფუძველი, ეფიქრა, რომ უკრაინა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა.