გაიდაი: "რუსეთი სევეროდონეცკს ჯერ–ჯერობით ვერ აკონტროლებს"
07/06/2022 19:31:24 მსოფლიო
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსეთი ქალაქ სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს.
"უკრაინულ ძალებს უჭირთ რუსეთის თავდასხმების თავიდან აცილება სევეროდონეცკის ცენტრში, მაგრამ რუსეთი სევეროდონეცკს ჯერ–ჯერობით ვერ აკონტროლებს", – აცხადებს გაიდაი.
მისი თქმით, ქალაქში ბრძოლები გრძელდება.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინული ძალებისთვის შორი დამიზნების იარაღის სწრაფად მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


