
საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
07/06/2022 16:28:13 საზოგადოება
უხვი ნალექის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.
როგორც მცხეთის მერიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები ადამიანური და ტექნიკური რესურსით.
„საგურამოში იმყოფებიან მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გაწმენდით სამუშაოებს მონიტორინგს უწევენ და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. უხვმა ნალექმა, საგურამოში, ასევე, შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სამსახური უკვე ინფორმირებულია და შესაძლებლობისთანავე, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.