
„ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა
07/06/2022 08:43:04 საზოგადოება
„ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
კერძოდ, აქციის მონაწილეები ავტობუსს, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან გამოდიოდა, წინ გადაუდგნენ და გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. გზის გათავისუფლებაში ადგილზე მობილიზებული პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მათი განცხადებით, პოლიციას დაბურულმინებიანი მანქანებით ქარხანაში დასაქმებულები შეჰყავდათ, რაც კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
6 ივნისს „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელფასების საკითხზე აღნიშნულია, რომ კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებს კომპანია.
„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
- 49 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
- ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
- 3-6-თვიანი და ერთწლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
- იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.
ომისა და სანქციების გამო "ბორჯომმა" მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. "IDS ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი "Alfa Group"-მა 2013 წელს იყიდა. "Alfa Group"-ს დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.
კომპანია "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.