იაპონია ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
07/06/2022 08:40:26 მსოფლიო
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონია ორი რუსული ბანკის, მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და "როსსელხოზბანკის" წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.
სანქციების სამიზნე ასევე ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი გახდა. იაპონიამ სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
გასულ თვეში იაპონიამ ორ რუსულ ბანკს, "Sberbank"-სა და "Alfa-Bank"-ს სანქციები დაუწესა, რომელთაგან ერთი რუსეთის სახელმწიფო, ხოლო მეორე რუსეთის ყველაზე დიდი კერძო ბანკია.
რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთში ინვესტიციები შეამცირა და არაერთი ბანკისა თუ მოქალაქის აქტივები გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილები და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


