მოსკოვი 61 ამერიკელს, მათ შორის აშშ–ის ფინანსთა მინისტრს რუსეთში ჩასვლას უკრძალავს
07/06/2022 07:39:12 მსოფლიო
მოსკოვმა 61 ამერიკელი, მათ შორის მაღალჩინოსნები, მედია ორგანიზაციების, სარეიტინგო სააგენტოების, თვითმფრინავებისა და გემთმშენებლობის კომპანიების ხელმძღვანელები "შავ სიაში" შეიყვანა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირებისთვის აკრძალულია რუსეთში ჩასვლა.
"შავ სიაში" ფიგურირებს, მათ შორის აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი და სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ზომა აშშ–ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ზომაა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


