სევეროდონეცკის მერი: "რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად ქალაქში საკმარისი ძალები გვყავს"
06/06/2022 12:53:05 მსოფლიო
სევეროდონეცკის მერი ალექსანდრ სტრიუკი აცხადებს, რომ უკრაინას რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად ქალაქში საკმარისი ძალები ჰყავს.
"სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები მძვინვარებს. ამ დროისთვის არც ერთი მხარე არ ემზადება უკან დახევისთვის", – აცხადებს ქალაქის მერი.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სევეროდონეცკის ასაღებად რუსეთი ძალებს არ იშურებს.
უკრაინის მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემებით, უკრაინული ძალები სევეროდონეცკის დაახლოებით 50%–ს აკონტროლებენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


