“პეტროკასსა” და “გალფში” რუსული ენერგოგიგანტის Rosneft-ის წილი ქართულმა მხარემ გამოისყიდა
06/06/2022 08:39:04 ეკონომიკა
“პეტროკას ენერჯი გრუპის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის "Rosneft" 49%-იანი წილი გამოისყიდა. ამის შესახებ განცხადებას “პეტროკას ენერჯი გრუპი" ავრცელებს.
მისივე ცნობით, Rosneft კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა.
"ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია “პეტროკას ენერჯი გრუპში” და შესაბამისად, კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა. 2010 წელიდან – კომპანიის დაფუძნებიდან “პეტროკას ენერჯი გრუპი” ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის სფეროში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში" - ნათქვამია კომპანიის მიერ გაავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში “პეტროკას ენერჯი გრუპის” შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.


