შვედეთი უკრაინას სნაიპერულ შაშხანებს და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის
06/06/2022 05:50:56 მსოფლიო
შვედეთი უკრაინას AG 90 ტიპის სნაიპერულ შაშხანებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს, -იუწყება შვედეთის თავდაცვის სამინისტრო.
მისი ცნობით, შვედეთი კიევს 5 000 ერთეულ AT4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღსაც მიაწვდის.
ამასთან, შვედეთი გეგმავს, ნატო-ს მიერ შექმნილ ფონდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 60 მილიონი შვედური კრონი შეიტანოს.
“ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობის გაძლიერებას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის კრიტიკულ მომენტში,” - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის უწყებაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


