ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინული ძალები სევეროდონეცკში კონტრშეტევაზე გადავიდნენ"
05/06/2022 07:23:25 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინული ძალები სევეროდონეცკში კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
"კონტრშეტევამ შეაფერხა რუსული ძალების წინსვლა", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური.
ბრიტანული დაზვერვა ადასტურებს უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომელთა თანახმად, უკრაინულმა ძალებმა ქალაქის ნაწილი დაიბრუნეს.
გუშინ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში რუსების მიერ აღებული ტერიტორიის 20% დაიბრუნა.
მისი თქმით, უკრაინა ახლა აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის ნახევარს.
"რუსებს ადრე ქალაქის უმეტესი ნაწილი ჰქონდათ აღებული, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა ისინი უკან დაიხიეს. უკრაინა ახლა აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის ნახევარს. რუსები უზარმაზარ ზარალს განიცდიან. ქალაქში ქუჩის ბრძოლები გრძელდება, რასაც თან ახლავს მუდმივი საარტილერიო დაბომბვა. მტერი ცდილობს სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას", – აცხადებს გაიდაი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


