კულება – მაკრონს: "მოწოდებას, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, მხოლოდ საფრანგეთის დამცირება შეუძლია"
05/06/2022 07:06:24 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "მოწოდებას, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, მხოლოდ საფრანგეთის დამცირება შეუძლია".
მისი თქმით, მსგავსი მოწოდების გაჟღერებით, შესაძლოა, ის ქვეყანა დამციდეს, რომელიც ამას აკეთებს, "რადგან ეს არის რუსეთი, რომელიც თავს თავად იმცირებს".
"სჯობს, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავის ადგილი. ეს მოიტანს მშვიდობას და გადაარჩენს სიცოცხლეს“, – განაცხადა კულებამ.
"მე ვუთხარი მას [პუტინს], რომ მან დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა რუსი ხალხის, საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე. მან რუსეთის იზოლირება მოახდინა. იზოლირებისგან თავის დაღწევა რთულია. [...] როდესაც ბრძოლები შეჩერდება, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული", – განაცხადა მაკრონმა.
მსგავსი განცხადება მაკრონმა 10 მაისსაც გააკეთა.
ცნობისთვის: I მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს დაიდო ვერსალის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ I მსოფლიო ომის გაჩაღებაში და დაეკისრა რეპარაციები, დაკარგა ტერიტორიები, კოლონიური სამფლობელოები, აღიარა ავსტრიის, პოლონეთისა და მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალები იზღუდებოდა 100 ათანი სახმელეთო არმიით, უქმდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ითვლება, რომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა გერმანიაში ნაციონალიზმი და ხელი შეუწყო ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას.


