გაიდაი: "უკრაინა ახლა სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებს, რუსები უზარმაზარ ზარალს განიცდიან"
05/06/2022 06:52:14 მსოფლიო
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინა ახლა აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის ნახევარს.
"რუსებს ადრე ქალაქის უმეტესი ნაწილი ჰქონდათ აღებული, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა ისინი უკან დაიხიეს. უკრაინა ახლა აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის ნახევარს. რუსები უზარმაზარ ზარალს განიცდიან", – აცხადებს გაიდაი.
მისი თქმით, რუსეთი მთელი ძალების კონცენტრირებას სევეროდონეცკის ასაღებად ახდენს.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქში ქუჩის ბრძოლები გრძელდება, რასაც თან ახლავს მუდმივი საარტილერიო დაბომბვა.
„მტერი ცდილობს სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას. ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ მტრის ქალაქიდან გასაძევებლად“, – დასძინა მან.
გაიდაის განცხადებით, ქალაქში შევიდნენ ჩეჩნური ძალები.
ამასთან, მან ისაუბრა სევეროდონეცკში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
„ამჟამად ჩვენ არც ხალხის ევაკუაცია შეგვიძლია და არც ჰუმანიტარული დახმარების მიტანა სევეროდონეცკში. ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია ჰუმანიტარული ტვირთის - საკვების, მედიკამენტების მიტანა, არის სევეროდონეცკის სამხრეთით მდებარე ლისიჩანსკი და ჰირსკეს თემი.ლისიჩანსკშიც კი გვბომბავენ, მაგრამ ყოველდღიურად ვაგრძელებთ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სატვირთო მანქანებით. შეიძლება ხალხის ევაკუაციაც მოხდეს, მაგრამ ჩუმად, საჯაროობის გარეშე, რადგან რუსული არმია ევაკუაციის ავტობუსებს ცეცხლს უხსნის", – აცხადებს გაიდაი.
გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა შეიარაღების დროული მიწოდების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მტერი უკან დაიხებს:
"დროულად მიწოდებული ტყვია-წამალი და იარაღი, ეს არის ის, რისიც მტერს ეშინია".
მისი თქმით, "ქალაქი ამ დრომდე რჩება უკრაინულად":
"სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ არის იმედი და რწმენა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, რომ ყველაფერი გამოვა. ქალაქი რჩება უკრაინულად".
რაც შეეხება სევეროდონეცკში მყოფ მოსახლეობას, გაიდაი აცხადებს, რომ რუსების შეტევის დაწყებამდე ქალაქში დაახლოებით 13 000 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ ზოგიერთი "იძულებით გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


