უკრაინის შს მინისტრი: "ქვეყნის სრულად განაღმვას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება"
05/06/2022 05:56:07 მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ქვეყნის სრულად განაღმვას ხუთიდან 10 წლამდე დასჭირდება.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიების ნახევარი დანაღმულია, კერძოდ კი 300 000 კვადრატული კილომეტრი.
"განაღმვას დასჭირდება 5-7, ან შეიძლება 10 წელიც. სპეციალურმა სამსახურებმა ომის დაწყებიდან დღემდე შეძლეს 130 000 ნაღმის განეიტრალება, მათ შორის თითქმის 2 000 ავიაბომბის. ამ დროისთვის გაწმენდილია ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 30 000 კვადრატული კილომეტრი. ტყეები ჯერ კიდევ სახიფათოა", - ამბობს უკრაინის შს მინისტრი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


