
ბოკერია - სააკაშვილზე: "მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს"
30/09/2019 07:54:41 ციტატა
“[მიხეილ სააკაშვილი] მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა. ვარდების რევოლუციის, როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის ევროპული საქართველო, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა".
ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. სააკაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან":
"მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა - ვატარებ ჯვარს და... ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან. ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების".
მოგვიანებით, სააკაშვილი ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა:
"მინდა, ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა ჩვენს ქრისტიანულ ფასეულობებზე. საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო? რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა და მე მოვუწოდებ ყველას, რომ დიახ, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს წარსულში საუკეთესოს, რაც არის და ამავე დროს, თავის დროზე, ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე ინოვაციური პროგრამა ქართველებს და საქართველო გავხადეთ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი და ახლაც გვაქვს ყველაზე ინოვაციური გეგმები, რომელიც საქართველოს ისევ გაიყვანს მოწინავე პოზიციებზე მსოფლიოში და ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვართ ტრადიციულები და ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან ინოვაციურები და ძალიან გაბედულები ჩვენს წინადადებებში და ქმედებებში. და მხოლოდ პროექტებს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ გვჯერა ამისი და ჩვენ გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ასევე ბოლომდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად სწორად ხვდება ყველაფერს. ყველა კოლეგას, პოლიტიკოსს, მინდა, მოვუწოდო - იყავით უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან, მხოლოდ მოიგებთ".