ნევზოროვმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო
03/06/2022 13:54:48 მსოფლიო
ცნობილმა ტელეჟურნალისტმა, კრემლის კრიტიკოსმა ალექსანდრ ნევზოროვმა და მისმა მეუღლემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. ამის შესახებ ცნობას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო telegram-ის არხის საშუალებით ავრცელებს.
როგორც გერაშჩენკო აღნიშნავს, ნევზოროვს და მის მეუღლეს მოქალაქეობა "ქვეყნის წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის" მიენიჭათ.
„მადლობა, ალექსანდრ და ლიდია, თქვენი გამბედაობისა და პატიოსნების, ომის შეჩერების გულწრფელი სურვილისა და რეალური სიტუაციის ჭეშმარიტი შეფასებისთვის", - წერს გერაშჩენკო.
თავად ნევზოროვმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს:
"მადლობა ნაწამებ, სასოწარკვეთილ და გასისხლიანებულ ადამიანებს, რომლებმაც, მათ შორის, ადგილის დაკავების უფლება მომცეს".
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ნევზოროვი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელმძღვანელობას. მის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 6 მაისს გასცა ბრძანება, რომ ნევზოროვს, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ორი თვით დააკავებენ. მას "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას" ედავებიან. საქმე ეხება რუსული ძალების მიერ მარიუპოლი სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ ცნობებს.


