კადიროვი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ: "უკრაინაში სპეცოპერაცია დაჩქარდება"
03/06/2022 11:01:23 მსოფლიო
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ "უკრაინაში სპეცოპერაცია დაჩქარდება"
„შეხვედრაზე საგნობრივად განვიხილეთ უკრაინაში დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის სპეცოპერაციის ჩატარების საკითხები და ურთიერთქმედების შემდგომი გზები განვსაზღვრეთ. შოიგუმ განსაზღვრა ახალი ამოცანები, რაც გულისხმობს შემდგომი ტაქტიკის გაუმჯობესებას. ეს ზომები ბევრად გაზრდის შემტევი მანევრების ეფექტურობას, რაც ხელს შეუწყობს სპეცოპერაციის უფრო დაჩქარებული ტემპით ჩატარებას“, – წერს კადიროვი ტელეგრამ–არხზე.
კადიროვის თქმით, შოიგუმ მადლობა გადასცა ჩეჩენ მებრძოლებს „ნაციონალისტური და ბანდერული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მაისის შუა რიცხვებში გავრცელებული მონაცემების თანახმად, რუსეთის სამხედრო ინტერვენციაში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მონაწილეობდა დაახლოებით 2500 მებრძოლი, ე.წ. "კადიროველები", მათგან 100 დაიღუპა, დაახლოებით 300 დაიჭრა, ხოლო 60-ზე მეტმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გაიქცა.
უკრაინული დაზვერვის ცნობით, "კადიროველები" დაკავებული არიან სახლების ჩხრეკით, მძევლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცინვით, აწიოკებითა და ძარცვით.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


