
5 ივნისს თბილისში აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისკენ" გაიმართება
03/06/2022 08:44:12 საზოგადოება
5 ივნისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისკენ" გაიმართება.
"დღეს აქ ყველა თაობის მოქალაქე შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელის მოწერით ვადასტურებთ. ხელმოწერით სავსე ეს დროშა ბრიუსელში გაიგზავნება. კვირას, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს და პარტიებს, გაცხადებული ევროპული კურსით, ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს, ვიწვევთ მის უდიდებულესობა ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.