
"რუსეთის ქვედანაყოფებმა პოპასნაიას მიმართულებით პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს" – უკრაინის გენშტაბი
03/06/2022 07:17:51 ევროპა
პოპასნაიას მიმართულებით მე-8 გაერთიანებული შეიარაღებული არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი.
გენშტაბის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით რუსულმა ქვედანაყოფებმა პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს, განადგურდა მათი იარაღი და აღჭურვილობა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც განპირობებულია მათი როტაციის გამუდმებით გადადებით. ეს იწვევს პერსონალის უარს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.
ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში გასული დღის განმავლობაში მტრის 5 შეტევა მოიგერიეს:
„განადგურებულია მტრის 5 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა და ორი საბრძოლო ჯავშანმანქანა. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა „ორალ 10“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“ - აღნიშნულია შეტყობინებაში.