"დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს"
03/06/2022 07:11:44 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნები გრძელვადიანი ომისთვის უნდა მოემზადონ. ამის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ ისაა, რომ ეს ომი იქცა დამქანცველ ომად, სადაც უკრაინელები ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის დიდ ფასს იხდიან, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთსაც დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინისთვის დახმარების მიწოდება ჩვენი პასუხისმგებლობაა. სავარაუდოდ, ეს ომიც რაღაც ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით ისაა, რომ რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება ახლო კავშირშია ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, მხარი დავუჭიროთ, რათა ამ კონფლიქტში საუკეთესო შედეგს მიაღწიონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


