
ზელენსკი: "უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს"
03/06/2022 06:44:29 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და დონბასის აღმოსავლეთ ნაწილში ოკუპანტების შეტევებს უმკლავდებიან.
მისი თქმით, უკრაინელებმა სევეროდონეცკში "გარკვეულ წარმატებას" მიაღწიეს.
"ჩვენ სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში გარკვეული წარმატება გვაქვს. თუმცა, ასევე, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი - ეს ყველაზე რთული საკითხია. ქალაქებსა და მის ირგვლივ დასახლებებში - ლისიჩანსკში, ბახმუტსა და სხვა ქალაქებში რუსების ძლიერი თავდასხმებია". - თქვა მან.
2 ივნისის მონაცემებით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გრძელდება.
"რუსეთის არმია მის მთელ შესაძლებლობას იყენებს და ადამიანებს არაფრად აგდებს. ყველაზე უფრო ცინიკური არის ის, რომ ფრონტის წინა ხაზზე ოკუპანტები ძალიან ხშირად აყენებენ ადამიანებს, რომლებიც არმიაში მანამდე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან გაანაწილეს.
[...] რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო სამარცხვინო და ცინიკურ რაღაცებს ჩაწერს რუსეთი სამუდამოდ საკუთარ ისტორიაში". - ამბობს ზელენსკი.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სევეროდონეცკის სწრაფად გათავისუფლების შესაძლებლობა აქვთ. 1 ივნისს გაიდაიმ თქვა, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქი სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის, დაახლოებით, 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული - ეს, 125 000 კვადრატული კილომეტრია.