
კუბილიუსი – კანდიდატის სტატუსზე: "ვიმედოვნებ, მთავრობა და ქართველი ხალხი ყველა სცენარისთვის არიან მზად"
02/06/2022 11:51:57 პოლიტიკა
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ "მთავრობა და ქართველი ხალხი ყველა სცენარისთვის არიან მზად".
ევროპარლამენტარმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "სადღეისოდ საქართველოს აღქმის პრობლემა აქვს".
"დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მოწინავე ხაზზე იდგა. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროპელ პარტნიორებს არაერთგვაროვან გზავნილებს უგზავნის. ახლა საქართველოს აქვს აღქმის პრობლემა - მიშელის შეთანხმება არ სრულდება, ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია და სწორედ მაშინ, როცა კომისიამ რეკომენდაციის შემუშავება დაიწყო, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელს პოლიტიზირებული განაჩენი გამოუტანეს. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა. საქართველოს მეგობრებმა ქვეყანა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და რომ, პასუხისმგებლობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ერთობლივი მუშაობისთვის მყარი ნიადაგის გამონახვაზე ეკისრება მმართველ პარტიას და მთავრობას", – განაცხადა კუბილიუსმა "აქცენტთან" საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ომმა შანსი გააჩინა, მათ შორის საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, თუმცა მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ "საქართველოს მთავრობა ამისთვის მზად არის".
"რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მოულოდნელად მოიტანა შანსი "ასოცირებული ტრიოს" სამივე ქვეყნისთვის [უკრაინა , საქართველო, მოლდოვა], მიიღონ კანდიდატის სტატუსი. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობა ამისთვის მზად არის. ხანდახან ჩანს, რომ ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ შანსებს. იმედი მაქვს, მთავრობა და ქართველი ხალხი მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის", – განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა:
"რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის ის, რომ მმართველი პოლიტიკოსები დაიწყებენ დადანაშაულების თამაშს ევროკავშირსა და ოპოზიციაზე, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირდნენ წინსვლაზე საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით".
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.