
" ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან"
02/06/2022 10:38:50 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ანჩისხატის თავისივე სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით დაანონსებული აქცია მათთან შეთანხმებული არაა.
„ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ. გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.
ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ, განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად”, - წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 1 ივნისს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დაიწყო, რასაც ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტი მოჰყვა. ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებისთვის აქცია 5 ივნისს 15:00 საათზე მთავრობის კანცელარისთან დაანონსდა.